
ქართულ კინოს დიდი ისტორია აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კინოჩვენება ძმები ლუმიერების კინემატოგრაფის აპარატით 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. თბილისი სულ რამდენიმე თვით ჩამორჩა პარიზში სადაც პირველი კინო იმავე წლის მაისში აჩვენეს.
მეოცე საუკუნის ფილმების პოსტერები ძალიან საინტერესო სტილით გამოირჩეოდა. ქართული კინოს პოსტერები ხშირად ავანგარდულ და ექსპრესიონისტულ ელემენტებს ატარებდა. განსაკუთრებით 1960–1980-იანი წლების პოსტერები ნათელი, კონტრასტული ფერებით და ძლიერი კომპოზიციით გამოირჩეოდა. მათ შორის არის “გიორგობისთვე” და “ქორწილი” რომელი აფიშებიც მომენტალურად მიქცევს თქვენ ყურადღებას.
ოთარ იოსელიანის ფილმი „გიორგობისთვე” (1966) ცნობილი კინომხატვრის (დამდგმელი მხატვარი) დიმიტრი ერისთავის ნამუშევარია, რომელიც 1962 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის” დამდგმელი მხატვარი გახლდათ. როგორც თავად ერისთავი იხსენებს, ოთარ იოსელიანის თითქმის ყველა ფილმის მხატვარი იყო. მათი პირველი ფილმი „გიორგობისთვე” იყო, რომელსაც „იყო შაშვი მგალობელი” მოჰყვა.
დიმიტრი ერისთავი დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1962 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” დამდგმელი მხატვარი; 1967-1982 წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პროფესორი. გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან. თანამშრომლობდა ჟურნალ “ნიანგთან”, ჟურნალ “ცისკართან”, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოსთან”. მხატვარია შემდეგი ფილმების: “ექსპრეს-ინფორმაცია” და “არს ნათელი”, “მთვარის ფავორიტები”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “გიორგობის თვე”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” და სხვ. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: მედალი საუკეთესო გრაფიკული პორტრეტისათვის (მ. აბაზაძის პორტრეტი, 1963), წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი (შექსპირის ჰამლეტის ილუსტრაციებისათვის, 1976), ამიერკავკასიის რესპუბლიკების ბიენალეს მედალი (1986), I პრემია (საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისათვის, 2005)
ედელვაისში შეგიძლიათ დიმიტრი ერისთავი -აფიშა კინოფილმისათვის “ქორწილი”, 1965..დიმიტრი ერისთავი-აფიშა კინოფილმისათვის “გიორგობისთვე”, 1966.